სექტემბრის გრილი საღამო.
თითქმის სავსე პატარა ტრამვაი.
ვიწრო ქუჩები.
ნახევრად განათებული შენობები.
ქვაფენილი.
სტუდენტების ჟრიამული, მაკდონალდსის სუნი ქუჩაზე.
ერთი შესახვევი და მთვარით გაფერმკრთალნათებული უზარმაზარი მოედანი.
პირველად ვართ კრაკოვში.
იმდენად აირია განცდები, ასოციაციები და მოლოდინები ერთმანეთში, რომ არც მიცდია და ვერც გავიგე სრულად სად ვიყავი.
დავიძინე დაღლილმა...
სულ სხვა განცდაა როცა დილას თვალს ახელ და მაშინვე ხვდები რომ სხვაგან ხარ! ვგიჟდები ამ გრძნობაზე!
გარეთ უნდა გავიდეთ, მალე! უამრავი ახალი გველოდება...
ცოტა გრილა, თან ცხელა... კარგი ამინდია :)
პირველი, რაც გზად შეგვხვდა, პატარა სკვერია, ბოლოში მაღალგუმბათებიანი წითელი ეკლესიით. კარგი დასაწყისია!
გაჩერებაზე ყველაფერი გარკვევით წერია, მართალია პოლონურად, მაგრამ მაინც: ტრამვაი #... მოსვლის დრო... გაჩერებები... დაგვინება = ნულს.
თბილისშიც გვინდა ტრამვაი! სწრაფი, სუფთა, კომფორტული... ნოსტალგიური.
გუშინდელი გასაღამოვებული ადგილები ახლა სულ სხვა ფერია. სიძველის, შუასაუკუნეების მისტიკის და ისტორიის ფერი ადევს ყველაფერს.
ვიწრო, გადატვირთული ქუჩებით გავდივართ... ბოლოში კი ამოსუნთქვა, სივრცე - მთავარი მოედანი უამრავი სილამაზით, სიდიადით, სისადავით და სიმდიდრით ერთდროულად. შთამბეჭდავია!
ბევრი მსმენია, მაგრამ არ ველოდი... გადააჭარბა!
მოედნიდან ყველა მიმართულებით გადის ქუჩები, სულ 11... ეს კრაკოვის გულია და მისი სისხლძარღვები ქალაქის ყველა ორგანომდე აღწევს, კვებავს მათ. ისრუტავს ამბებს, ისტორიებს, ადამიანებს და თავისთან აგროვებს ყველას, ყველაფერს - ეს ქალაქის ნამდვილი ცენტრია.
კუთხეში წითელი კათედრალია - უზარმაზარი. ღრუბლებს ებჯინება ორივე აწვეტილი გუმბათი და ალისფერი მამალივით ადგას ქალაქს თავზე. საათში ერთხელ ყივის კიდეც - ყველაზე მაღალი გუმბათდან მესაყვირე სევდიან მელოდიას უკრავს და უცებ შუაში წყვეტს... დაუსრულებლად... და ასე ყოველ 60 წუთში... მელოდიას არა აქვს ბოლო.
შუა მოედანში სავაჭრო რიგებია, მოყვითალო-მოჩუქურთმებული სასახლე... აქ ყველაფერია! აქედან გაჭრილი ტალღები მოედნის ქუჩებიდან იპარებიან და მოფუსფუსე ხალხსაც მიატორტმანებენ თან, რომლებიც გზადაგზა სვადასხვა მაღაზიების შესასვლელებთან იკარგებიან...
მეფეთა გზა მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გადის. დინჯად მიუყვება ქვაფენილს და ძველი ქალაქის თავში წამოზრდილ ვაველის გორაკზე აზიდულ სასახლეს უერთდება.
პირველად მოვხვდი შუასაუკუნოვან ნამდვილ სასახლეში. აქ კიდევ მოვალ ბევრჯერ - ბოლოს და ბოლოს მთელი 9 თვე უნდა გავატარო ამ ქალაქში... არ მოვიწყენთ!
ერთი დღისთვის ზედმეტიც კი იყო ეს ყველაფერი...
სად ვისადილოთ: პოლონური? ქებაბი? მაკდონალდსი? პიცა? სუში?.. აღარ გააგრძელო - პოლონური!
მენიუ: ტრადიციული წვნიანი, დაკეპილი ხორცი და კარტოფილი + მჟავე კიტრი! ლუდი არ დაგვავიწყდეს, ესეც პოლონური.
კარგი იყო...
ცოტაც გავისეირნოთ და დაღლილს დამეძინება...
სანახავი კიდევ ბევრია - ხვალ, ზეგ, ორშაბათს, შემოდგომაზე, ზამთარში... წინ მთელი 9 თვეა!
ცხრავე სულ ახალი!